ნატოს სამიტი - შეფასებები თბილისში

ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტი და ლიდერების მიერ მიღებული კომუნიკე შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციის თქმით, ტექსტში საქართველო მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები, რაც მათ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში უკან დახევად მიაჩნიათ. მათივე თქმით, მიზეზი ხელისუფლების პოლიტიკაა. ოპონენტების პოზიციას არ იზიარებს მმართველი გუნდი და აცხადებენ, რომ ნატოს კომუნიკეში ნათლად არის გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რაც შეეხება საქართველოს სწრაფვას ალიანსისკენ, ფაქტი, რომ ნატო ღია კარის პოლიტიკის მომხრედ რჩება ნათელი დასტურია ლიდერების პოზიციისა ასპირანტ საქართველოსთან მიმართებაშიც.