ნატოს სამიტი

საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის სამიტი დაიწყო.

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები პარტნიორებთან ერთად მადრიდში არიან შეკრებილები. საქართველოს სამიტზე პრემიერი წარმოადგენს. ქართული დელეგაციის მოლოდინია, რომ ქვეყანა ალიანსისგან მხარდაჭერის ახალ გზავნილებს მიიღებს. ოპტიმისტურ პროგნოზებს სამიტის გახსნამდე გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული განცხადებებიც ამყარებს, რომლის მიხედვით უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის ფონზე რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა საჭირო. დაანონსებულია პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, თანამშრომლობის პაკეტის გაძლიერება. სწორედ ომის გამო შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაციის კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დაცვაზე. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის ომია. სამიტი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ უნდა დამტკიცდეს ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მომდევნო 10 წელში შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების კუთხით ორგანიზაციის ახალი სახელმძღვანელო იქნება.

„მოამბე“ მადრიდშია, – ანა ბროლაძე აშუქებს ნატოს სამიტს.