რუსეთის ულტიმატუმების და მუქარის ფონზე საქართველო უკრაინასთან ერთად ნატოსგან მკაფიო მხარდაჭერას იღებს.
ბრიუსელში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალის დღის წესრიგის მთავარი თემა ახალი ომის თავიდან აცილებაა. არც ერთი გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინაზე ამ ორი ქვეყნის გარეშე – ასეთია მთავარი გზავნილი ორგანიზაციიდან. ბრიუსელი მოსკოვს უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანისა და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს და მოსალოდნელი საომარი მოქმედებების ასაცილებლად დიპლომატიურ ძალისხმევას ააქტიურებს. რუსეთისგან მომდინარე აგრესიაზე საუბრის დროს დღეს ბრიუსელში რამდენჯერმე გაიხსენეს 2008 და 2014 წლის მოვლენები. თავდაცვის მინისტერიალზე დღეს საქართველოს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებსაც მოუსმინეს. პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე ზრუნვა და შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს პრიორიტეტულ ამოცანებს შორის რჩება. ერთობლივი მუშაობის დემონსტრირებისთვის წელს ალიანსი საქართველოსთან ერთად წვრთნებსაც გეგმავს. მაშინ, როცა მოსკოვი აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების გამოსარიცხად იურიდიული გარანტიების მოლოდინშია, ბრიუსელში დღეს საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება.