უკრაინაში მიმდინარე ომი დღის წესრიგში იქნება ნატოს მინისტერიალზეც.
ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში იკრიბებიან. ფინეთის და შვედეთის გარდა პარტნიორი ქვეყნები ამჯერად მიწვეულები არ არიან. ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი თემა ორგანიზაციის გაფართოების საკითხი და ფინეთის და შვედეთის წევრობის თემა იქნება. სწორედ რუსეთის სამხედრო აგრესიის და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე, ორივე ქვეყანას წლების განმავლობაში დაკავებული ნეიტრალური სტატუსი აღარ სურს და მზადაა, რომ ნატოში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გააკეთოს. ამ პოზიციას მიესალმებიან ორგანიზაციაში, საიდანაც ფინეთს და შვედეთს გაწევრიანების სწრაფ და დაუბრკოლებელ პროცესს უკვე დაჰპირდნენ, თუმცა თურქეთის პრეზიდენტის პოზიციის გამო ჩნდება დილემა.