უკრაინაში მიმდინარე ომმა და შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა სურათმა ნატოს გაფართოების პროცესი დააჩქარა.
ფინეთი და შვედეთი უახლოეს დღეებში ალიანსში გაწევრიანების განაცხადს ოფიციალურად გააკეთებენ. ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში ნეიტრალურ პოზიციას იკავებდნენ, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს და თავდაცვის გაძლიერებას ითხოვენ და ამ გარანტიებს სწორედ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან ელოდებიან. განაცხადის შემდეგ ახალი წევრების მიღების შესახებ გადაწყვეტილება დიდი ალბათობით მადრიდის მოახლოებულ სამიტზე იქნება მიღებული. გაწევრიანების პროცესს კი დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. ნატოს გენერალური მდივანი ორივე ქვეყანას ინტეგრაციის სწრაფ და დაბრკოლების გარეშე წარმართულ პროცესს ჰპირდება. რუსეთის საზღვრებთან ნატოს კიდევ უფრო მიახლოების ფონზე მოსკოვიდან მუქარის შემცველი გზავნილები ისმის.