მომდევნო კვირას საერთაშორისო ყურადღება ლიეტუვისკენ გადაინაცვლებს.
ნატოს ლიდერები ვილნიუსის სამიტისთვის ემზადებიან. დღის წესრიგი დატვირთულია: უკრაინის წევრობის განაცხადი და კიევის იარაღით მომარაგება, შვედეთის მიღება და თავდაცვის პაქტის დამტკიცება. ეს იქნება ნატოს მეოთხე სამიტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ვილნიუსში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება. სამიტის მონაწილეთა დასაცავად გერმანიის „პეტრიოტის“ სამი საჰაერო თავდაცვის შენაერთი განლაგდება, რაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტზე პირველად მოხდება. ლიეტუვის ცაში კი დამატებითი მოიერიშე თვითმფრინავები დაიწყებენ პატრულირებას. კიევი სამიტისგან მკაფიო სიგნალებს ელოდება. ზელენსკი ნატოს წევრებს უკრაინის გასაწევრიანებლად კონკრეტული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის გენერალური მდივანი კი უკრაინას ნატოსთან დაახლოების პერსპექტივას და სამელემენტიან პაკეტს ჰპირდება.