ნატო-საქართველო

ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში დიალოგის დეტალებს მომდევნო კვირას ნატო საქართველოს და უკრაინის პირველ დიპლომატებს გააცნობს.

რუსეთთან მიმდინარე რთული მოლაპარაკებების პარალელურად, ალიანსი მოკავშირეებთან კონსულტაციებისთვის ემზადება. ასპირანტი ქვეყნები ბრიუსელში არიან მიწვეულები. დავით ზალკალიანი ნატოს გენერალურ მდივანს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება. ქართული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებების რაუნდების შემდეგ გაკეთებული განცხადებებით კმაყოფილია. მოსკოვის მიერ წაყენებულ ულტიმატუმებს და ნატოში საქართველო-უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვის მოთხოვნას დასავლეთმა მკაფიო გზავნილებით უპასუხა და რუსეთს უთხრა, რომ ალიანსი ნატოს ღია კარის პოლიტიკის დათმობის ხარჯზე კომპრომისზე არ წავა. მაშინ, როდესაც რუსეთი ევროპის სამ ქალაქში საქართველო-უკრაინის ნატოში არ მიღების გარანტიებს ითხოვდა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ალიანსის მთავარ სამხედრო ორგანოში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდა.