საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის ახალი მეთაური იმყოფებოდა. გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, განსაკუთრებით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფუნქციონირებასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში, ალიანსის გენერალმა შეხვედრები გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან.
შეხვედრებზე საუბრის ძირითად თემებს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაძლებლობების განვითარება და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდა, ასევე, 2022 წელს საქართველოში დაგეგმილი ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების ორგანიზება წარმოადგენდა. გენერალ-მაიორი გაეცნო უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“-ის მიმდინარეობასაც.