მადრიდის სამიტზე ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ ურთიერთობა რამდენიმე ძალიან ახლო პარტნიორთან, რომელიც მათ სამიტზე შეუერთდა, ერთ-ერთი პარტნიორი საქართველოა, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ყველაზე მეტად არის დაზარალებული საგარეო საფრთხეებისა და უსაფრთხოების გარემოში ჩარევით, რაც გამოწვეულია რუსეთის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში. ამასთან, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, საქართველოზე მორგებული ზომების პაკეტი აძლიერებს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახალი პაკეტი შექმნილია საქართველოს შესაძლებლობების გასაზრდელად და ასევე მისი მედეგობის განსამტკიცებლად.