გაფრთხილება რიგიდან მოსკოვს.
ნატო-ს გენერალური მდივანი იმ ზომებს ასახელებს, რომლებსაც ორგანიზაცია რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ აამოქმედებს. მათ შორისაა პოლიტიკური შეზღუდვები და ფინანსური სანქციები. ლატვიის დედაქალაქში მიმდინარე ნატო-ს საგარეო მინისტერიალზე რუსეთს პირდაპირ უთხრეს, რომ ალიანსის პარტნიორი ქვეყნების ევროატლანტიკურ არჩევანზე ზეგავლენის უფლება არ აქვს და არც მომავალში ექნება. ამ გზავნილს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდა იმის გამო, რომ მინისტერიალის პარალელურად ვლადიმერ პუტინმა დასავლეთს მორიგი გამაფრთხილებელი სიგნალი გაუგზავნა და ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების გამოსარიცხად იურიდიული გარანტიებიც კი მოითხოვა. რიგის მინისტერიალში საქართველო და უკრაინაც მონაწილეობენ. ნატო-ს წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების დღევანდელ განცხადებებზე დაყრდნობით, ქართული მხარე ვარაუდობს, რომ მადრიდის სამიტი საქართველოსთვის ღია კარის მიმართულებით შედეგიანი იქნება.