ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალი და რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება, რომელშიც საქართველოს თავდაცვის მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას. თავდაცვის მინისტრმა პროგრამის დაწყებამდე უკვე გამართა შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.
ჯუანშერ ბურჭულაძე ასევე რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრება, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად ნატო-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილება.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. ჯუანშერ ბურჭულაძე ასევე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდება. მხარეები უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებისა და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კატლერსაც შეხვდება.