საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერა ნატო-მ 11-პუნქტიან განცხადებაშიც დაადასტურა.
დაგეგმილია თანამშრომლობის გაძლიერება ნატო-ს საზღვაო ძალებსა და საქართველოს შორის. ხელმოწერიდან ხუთი წლის თავზე კი მხარეები არსებითი პაკეტის განახლებაზე შეთანხმდნენ. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებულ დოკუმენტში მწვავე და მკაფიო გზავნილებია მოსკოვის მისამართით. ნატო რუსეთს 2008 წლის ვალდებულებებს ახსენებს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარების გაყვანას კიდევ ერთხელ სთხოვს. მკაცრად არის გაკრიტიკებული საოკუპაციო ხაზთან ახალი ხელოვნური ბარიერების აღმართვა. რაც შეეხება წევრობის პერსპექტივას, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, „მაპი“ კი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება.
ეს 2019 წელს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს უკვე მეხუთე ვიზიტია საქართველოში.