მაღალი რანგის სტუმარი საქართველოში. ნატოს გენერალური მდივანი თბილისშია.
იენს სტოლტენბერგი პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდა. მხარდაჭერა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და მწვავე განცხადებები მოსკოვის მისამართით – გამოიკვეთა რამდენიმე მთავარი გზავნილი. საქართველოს წევრობაზე კონკრეტული ვადები არც ამჯერად დასახელებულა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა გაიმეორა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება. საქართველო ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე ახლო და ერთგულ პარტნიორად დასახელდა და ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმებზე გადის ნატოში ინტეგრაციაც. რეფორმების გაგრძელებისკენ მოწოდების დროს განსაკუთრებული ხაზგასმა იყო კანონის უზენაესობაზე და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე. ზაფხულში ნატოს საიუბილეო ვაშინგტონის სამიტის ფონზე, დღევანდელი შეხვედრები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებული ინტერესია, თუ რა ფორმით იქნება საქართველო სამიტზე წარმოდგენილი და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით რა გზავნილებს უნდა ელოდოს ჩვენი ქვეყანა.