ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

„ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს“, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო კვლავ უჭერს მხარს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას, თუმცა, ალიანსი არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. „ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი ალიანსი, ნატოს კარი ღია რჩება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ის ასევე მიესალმა ალიანსის წევრების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად, რაც რეგიონში დამატებით სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების გაგზავნას გულისხმობს.