საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, ჰქონდეს პირველი სასწავლო დაწესებულება ნატო-ს ხარისხის მართვის ნიშნით. ქვეყანაში ნატო-ს აკრედიტაციის ექსპერტების გუნდი ჩამოვიდა, რომელიც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, შეფასდეს სკოლის, როგორც ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის მქონე ინსტიტუტის ხარისხის მართვის სისტემა. ვიზიტი იძლევა შესაძლებლობას, რომ ნატო-მ აღიაროს სკოლის სწავლების და ორგანიზაციული მართვის სისტემის სრული შესაბამისობა ნატო-ს სტანდარტებთან. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გახსნა, რომელმაც სკოლის, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივის როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ნატო-ს აკრედიტაციის ექსპერტებმა სკოლის საერთაშორისო მიღწევებზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ 2020 წელს, სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო კურსის ნატო-ს მიერ შერჩეული სტატუსის მოპოვებით, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ალიანსის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომელმაც ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი განავითარა.