ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა

ერთ საათში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება. მხარეები უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრებენ. შეხვედრას, რომელსაც ალიანსის 30 წარმომადგენელი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრებიან, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება. გუშინ კი ნატო-ს შტაბბინაში შეერთებული შტატების ელჩმა პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტი იყო სამიტი, სადაც ალიანსმა ძალიან მტკიცედ განაცხადა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით და კონკრეტულად საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით გაფართოებაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე მოლაპარაკებები არ იქნება და ის იმ სახით შენარჩუნდება, როგორც დღეს არის“, – განაცხადა სმიტმა. მისივე თქმით, ალიანსის ყველა ქვეყანა მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა, ასევე ყველა წევრი სახელმწიფო ერთიანია რუსეთისადმი გზავნილში, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მკაცრ პასუხს მიიღებს როგორც ნატო-სგან, ასევე ევროკავშირისგან.