თბილისის პროკურატურამ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის მოთხოვნა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ. მისი განმარტებით, პროკურატურამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და დამოუკიდებელ უწყებას მიწოდებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაეწყო.
საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს გაკეთებულ განცხადებას. მეზვრიშვილის თქმით, მან დააანონსა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო და დაემუქრა ოპოზიციას ძალადობით.