ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შვიდი პირი დააკავა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღო სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულის მიმართ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს.
დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.