ნარკოპოლიტიკის 2019 წლის ტენდენციები ქვეყანაში – ამის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გამართა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
კვლევის ავტორის, ანა ნასრაშვილის ინფორმაციით, 2019 წელს, ნარკოპოლიტიკის სფეროში, საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. მისი თქმით, იემს-ის ანგარიშში გაანალიზებულია გასულ წელს ნარკოტიკულ დანაშაულებზე მართლმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობა, საერთო სასამართლოს პრაქტიკა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემები.
ანგარიშში მიმოხილულია 2019 წლის სტატისტიკური მონაცემები, ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამამტყუნებელი განაჩენების, ნარკოტესტირების, პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობისა და სხვა რელევანტური საკითხების თაობაზე. ანა ნასრაშვილია თქმით, მნიშვნელოვანია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებულ პრობლემებს.