ვნებათაღელვა არ ცხრება „ნამახვანჰესის“ გარშემო.
სახალხო დამცველი ჰესის მოწინააღმდეგეთა უფლებების დარღვევაზე მიუთითებს. ეს მას შემდეგ, რაც პროტესტის ადგილმა რიონის ხეობიდან გუმათის დასახლებაში გადაინაცვლა. პოლიციას კასკადის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებისთვის სოფელ ნამახვანამდე მისასვლელი გზა აქვს ჩაკეტილი. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მწვავედ აკრიტიკებს მესამე სექტორიც. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას და ინვესტორ კომპანიას „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციაში სდებს ბრალს და ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას პროექტის და საინვესტიციო ხელშეკრულების გარშემო არაერთ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. თავის მხრივ დიალოგისთვის მზად არის თურნავას უწყება. რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ჰესის მოწინააღმდეგეებთან აქტიური კომუნიკაცია დაიწყო და დამატებით კვლევებამდე კაშხლის მშენებლობა შეჩერებულად გამოაცხადა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, კაშხლის აშენების ნებართვა ჯერ გაცემულიც არ არის.