„ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისის რაიონის აქტივისტების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მათ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ასევე, არ ჩაერთვებიან წინასაარჩევნო პროცესებში. მათი თქმით, მიზეზი პარტიის მხრიდან გამოჩენილი უპატივცემულობაა, რადგან საარჩევნო სიაში არცერთი ის ადამიანი არ მოხვდა, რომელიც პარტიის ერთგულია.
მათი მტკიცებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით დააკომპლექტა. საარჩევნო პროცესში 20 სოფლის 30-მდე კოორდინატორი აღარ ჩაერთვება. მათ შორისაა არიფ იუსუბოვი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს ნახიდურში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ფიგურირებდა.