„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიას ტოვებენ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევის პროცესი გრძელდება.

პარტიიდან დღეს კიდევ 19 წევრი წავიდა. ბათუმის შემდეგ განცხადებები დაწერეს ზუგდიდის და ჭიათურის საკრებულოების წევრებმა. გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან ჯერ კიდევ წინა კვირას დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და შიდა კრიზისის დასაძლევად დროებითი მმართველი ორგანოს შექმნა მოითხოვეს. პარტიიდან წასულები ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ფლანგს წარმოადგენენ. ყველა მათგანი საკრებულოებში დეპუტატის მანდატს ინარჩუნებს და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ახალი პლატფორმიდან აანონსებს.

მწვავეა პარტიის მენეჯმენტის რეაქცია. მოქმედი თავმჯდომარის გუნდი წასულებს დეპუტატის მანდატის და საკრებულოებში დაკავებული თანამდებობების დათმობისკენ მოუწოდებს. პარტიაში ერთი წლის წინ დაწყებულ შიდა მწვავე დაპირისპირებას კიდევ ერთხელ ეხმაურება ქართული პოლიტიკისგან ჯერ დისტანცირებული და ახლა მასში აქტიურად ჩართული მიხეილ სააკაშვილი.