„ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეს ხვალ ყრილობაზე დაამტკიცებენ. პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი ორი კანდიდატიდან, ხმების უმრავლესობა ნიკა მელიამ მოიპოვა. კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, ლევან ვარშალომიძესთან შედარებით, მელიამ 40%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა. ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა, რომელშიც 20 000-მდე მხარდამჭერს საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება ჰქონდა. ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ დაარსების შემდეგ, პარტიის მესამე თავმჯდომარე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ეს პოსტი გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს დატოვა და პარტიიდანაც წავიდა. ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.