„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მიზნები ბრიუსელისთვის

სად წყდება არჩევნების ბედი – საარჩევნო ყუთთან თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ – ეს კითხვა პოლიტიკურ წრეებში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებამ გაააქტიურა.

თინა ბოკუჩავას საკუთარი პოზიციის დაკონკრეტება მოუხდა. პროდასავლურ პარტიათა კოალიციის, როგორც ხელისუფლების ალტერნატივის ბრიუსელის მხრიდან დანახვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მთავარ საარჩევნო მიზნად დაასახელა. ამ კონტექსტში ყურადღების მიღმა არ დარჩენილა პრეზიდენტის განსაკუთრებული როლის ხაზგასმაც მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური ერთობის მიღწევა საკუთარ თავს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაუსახა და ერთიანი ოპოზიციური პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ბოკუჩავას გზავნილმა გარკვეული კითხვები ოპოზიციურ ფლანგზეც გააჩინა. მმართველი გუნდისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიციის ნაწილი არჩევნების ლეგიტიმაციას ქართველი ხალხის ნაცვლად სხვა ქვეყანაში ეძებს.