საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – „ძალა ერთობაშიას“ წევრები მეათე მოწვევის პარლამენტში მანდატებზე უარს იტყვიან. გადაწყვეტილება დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოზე შეჯერდა. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ერთხმად არის მიღებული. პარტიის წევრებმა პოლიტსაბჭოზე ელჩების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკების მესამე რაუნდზე წარსადგენი ახალი წინადადებებიც განიხილეს. დეტალებს პარტიის წევრები საზოგადოებას დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ გააცნობენ. ძირითად მოთხოვნებს შორის რჩება „ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“. პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომას არ დასწრებია გრიგოლ ვაშაძე.