პოლიტიკური სპექტრი ორად გაყო სტრასბურგში მიღებულმა რეზოლუციამ, რომელიც საქართველოს შესახებ საკმაოდ მწვავე ჩანაწერებს მოიცავს.
გუშინ 66 ხმით დამტკიცებული დოკუმენტის მთავარი მიმართულება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონია, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად მიიჩნევს და ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს. ასამბლეის წევრები საკუთარ პოზიციას ვენეციის კომისიის დასკვნითაც იმყარებენ. მმართველი გუნდი რეზოლუციის არცერთ პუნქტს არ ეთანხმება. ინტერპრეტაციების თემა გახდა ის გარემოებაც, რომ რეზოლუციის საბოლოო ტექსტში რამდენიმე შესწორება არ აისახა. შესწორებები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს და ევროსაბჭოში საქართველოს საქმიანობის შეზღუდვას ეხებოდა. ბოლო შესწორების ერთ-ერთი ავტორი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.