„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში ნაცნობი თემა აქტიურდება.
პარტიის ლიდერები ისევ ე.წ. შავი სიის შედგენას ითხოვენ. ამჯერად იმ მოსამართლეებისთვის, პროკურორებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მათი აზრით, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ და ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ. იდეის ავტორების გეგმით, შემდგომი ნაბიჯი ამერიკის და ევროპის ქვეყნებისთვის სიის მიწოდება უნდა იყოს, რათა ეს ქვეყნები ჩამონათვალში მოხვედრილი პირებისთვის სამუდამოდ დაიხუროს. რომან გოცირიძის მიერ გახმოვანებული ინიციატივის მიზეზი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენია. ყოფილ მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამიდან სწორედ წინა კვირას მიღებული გადაწყვეტილების გამო მოხსნეს. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით დადასტურებული არ არის. თემას კიდევ უფრო მეტი რეზონანსი ამერიკის საელჩოს მისამართით მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებამ შესძინა, რომლის მიღმა ოპოზიციის ნაწილმა დასავლეთის მიმართ მუქარა ამოიკითხა.