„ნაციონალური მოძრაობა“ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში ძირითადად დამოუკიდებლად იბრძოლებს. თბილისის შემდეგ, 28 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები შერჩეულები არიან. მსხვილ ქალაქებში პარტიამ არჩევანი პარლამენტის მოქმედ დეპუტატებზე გააკეთა, რამაც პოლიტიკურ სპექტრში კითხვები გააჩინა. ისევე როგორც ზუგდიდში პარტიის თავმჯდომარის მამის კანდიდატურის დასახელებამ.
ყოფილი სახელისუფლებო პარტია 2 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს და მთავარ მიზნად ვადამდელი არჩევნების მიღწევას ასახელებს. გარკვეული ინტრიგა შექმნა ფოთის მერობის კანდიდატის საკითხმა. საზოგადოება პარტიისგან ამ დრომდე ელის განმარტებას, რატომ აღარ წარადგინეს თინა ბოკუჩავა ფოთში. ახლა საინტერესოა, მოახერხებს თუ არა დარჩენილ მუნიციპალიტეტებში ოპოზიცია კანდიდატების გარშემო კოორდინაციას.