„ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტი

დღეს საღამოს გაირკვევა, ვინ მოაწერს ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტს, სახელწოდებით „რუსი ოლიგარქი ან საქართველო – ტოტალური შეტევა სისტემაზე“. „ნაციონალური მოძრაობა“ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავს აღნიშნავს. მანიფესტი 11 პუნქტისგან შედგება და პარტიის მიზნებსა და ამ მიზნების განხორციელების გზებს ეხება. ხაზგასმულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით, ემზადება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. ლევან ხაბეიშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ ვინც მანიფესტს არ შეუერთდება, პარტიიდან გაირიცხება. უცნობია, რას აპირებს ნიკა მელია, თუმცა, ცნობილია, რომ პარტიაში მისი მხარდამჭერები მანიფესტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად ინდივიდუალურად მიიღებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს მმართველ გუნდშიც აფასებენ.