„ნაციონალური მოძრაობის“ ინიცირებული კანონპროექტი

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მათ მიერ დაინიცირებული კანონპროექტის განხილვას ითხოვენ. ინიციატივა რუსეთის მოქალაქეების ქვეყენაში შემოსვლის გამკაცრებასა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს ითვალისწინებს. ისინი საკითხს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დააყენებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივით 2022 წლის 20 აპრილს გამოვიდა. ცვლილებების მიხედვით, პირებს, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ ან დღემდე მონაწილეობენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და სამხედრო აგრესიაში, საქართველოში შემოსვლა და ეკონომიკური აქტივობების განხორციელება აეკრძალებათ.