„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.
ოპოზიციურ პარტიაში უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლებისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილე პირების სტატუსთან გათანაბრებას ითხოვენ. „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ინიციატივა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებისთვის, იგივე სოციალური დახმარების პაკეტის მიღებას ითვალისწინებს, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახები იღებენ. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვისაც იბრძვიან და ამიტომ ეს საკანონმდებლო წინადადება მმართველი გუნდისთვის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იქნება. რუსეთ-უკრაინის ომში ცხრა ქართველი მებრძოლი დაიღუპა.