ვითარება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, მოძრაობის წარმომადგენლები პირველ განცხადებებს აკეთებენ. ნიკა მელიას მომხრეები ტოვებენ პარტიულ თანამდებობებს მაგრამ ამბობენ, რომ რჩებიან პარტიაში და მათ არ ექნებათ ჩასაფრებულის პოზიცია. კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე განცხადებები არ გაკეთებულა.
ოპოზიციის ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას პოზიტიურად აფასებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ახლა საჭიროა ერთიანი ბრძოლა და ამ მიმართულებით ის მეტ კოორდინაციას ელოდება. რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, პარტია „გირჩი“ ჩატარებულ არჩევნებს ფარსს უწოდებს. მმართველი გუნდი კი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის პირობებში მეტ დესტრუქციას ელოდება. „ქართული ოცნების“ ვარაუდით, ამ ფონზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიმე რეალური ცვლილებისკენ ნაბიჯის გადადგმა მოსალოდნელი არ არის.