კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აანონსებენ.
პარტიის პოლიტსაბჭოს ყოფილი თავჯდომარე კობა ნაყოფია დარწმუნებულია, რომ თუ წლის ბოლოს ევროპული საბჭოს მხრიდან ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არჩევნების თარიღი აუცილებლად გადმოიწევს. ამიტომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციას მობილიზებისკენ მოუწოდებს. მსგავს პროგნოზს აკეთებენ ორად გაყოფილი პარტიის სხვა ლიდერებიც. სხვა ოპოზიციური პარტიებისგან გასხვავებით, ვადამდელ არჩევნებს ელოდება „სტრატეგია აღმაშენებელიც“. თუმცა ოპოზიციის ნაწილი ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ გაერთიანებას კონსტიტუციურ ჩანაწერს ახსენებს, რომლის მიხედვით 2024 წელს ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. ევროპულმა საბჭომ კი საქართველოს საკითხზე 2023 წლის დეკემბერში უნდა იმსჯელოს. ნაყოფიას მიერ დაანონსებული გეგმა ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციის ნაწილი ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით კანდიდატის სტატუსის ხელოვნურად დაბლოკვას ცდილობს.