„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის თემა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში იყო.

პარტია წინასაარჩევნოდ აქტიურ მზადებას იწყებს და მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებს ეძებს. თანამშრომლობისა და პოლიტიკური ძალის გარშემო გაერთიანებისკენ მოწოდებაზე ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის უარის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი ვაშაძის სახით ამ ეტაპზე ერთადერთი მოკავშირე მოძებნა. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ წინასაარჩევნო გაერთიანებაზე კონსულტაციები ოფიციალურად დასტურდება. თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ვაშაძე ბოლო არჩევნების დროს ამ პარტიასთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავდა, თუმცა ახლა პოზიცია შეიცვალა.

ამ ცვლილებას 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის შიშით ხსნის მმართველი გუნდი. ანალოგიური შეფასება კეთდება ოპოზიციის ნაწილისგანაც, რომელიც მომავალ საარჩევნო ალიანსს სკეპტიკურად უყურებს. პარტნიორების ძებნის და ოპოზიციური ერთობის მიღწევის მცდელობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირება მწვავდება – პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ ნიკა მელიას ფრთამ მედიისგან გაიგო.