ლევან ბეჟაშვილი მოითხოვს, „ფეისბუქის“ მიერ გაუქმებულ ანგარიშებზე დახარჯული თანხების წარმომავლობა, აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ ამ გვერდების მხრიდან დაახლოებით 316 ათასი დოლარი „ფეისბუქის“ ანგარიშებზეა გადახდილი, რომელიც პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა.
თუმცა, ბეჟაშვილი ამბობს, რომ მსგავსი კონტენტის მომზადებასა და გავრცელებას ბევრად მეტი თანხა სჭირდება, სწორედ ამიტომ ის მოუწოდებს აუდიტის სამსახურს, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის გათვალისწინებით დაიწყოს ამ ხარჯების შესწავლა. „ნაციონალური მოძრაობა“ აუდიტის სამსახურს ამ მოთხოვნით წერილობით მიმართავს.