ქობულეთის მერიაში დარღვევების არსებობაზე ლაპარაკობენ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“.
ოპოზიციის წევრმა რეზო ხარაზმა მედიას დღეს წარუდგინა დოკუმენტი, რომელიც მისი განცხადებით კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა და ის აუდიტის სამსახურის მიერ 2018 წელს მუნიციპალიტეტის საქმიანობაში არსებულ ხარვეზებს ასახავს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში დარღვევებს სულ 14 მუხლი ეძღვნება. აუდიტის სამსახურის განმართებით, უწყების მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის აუდიტის პროცესი ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად მასზე ოფიციალურ განცხადებას ვერ გააკეთებენ. საკითხზე კომენტარს არც ქობულეთის მერიაში აკეთებენ, სადაც აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გასაჯაროებული დოკუმენტი არის მუნიციპალიტეტის მისამართით აუდიტის სამსახურის შეკითხვები.