„ნაციონალური მოძრაობა“ იურისტთა ჯგუფს ქმნის, რომელიც პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, 20 ივნისიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე იმ სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს გამოავლენს, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობდნენ.
ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ მოძალადე სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს იმ ვიდეოკადრებით გამოავლენენ, რომლებიც მედიის წარმომადგენლებმა გადაიღეს, დაადგენენ მათ ვინაობას ან იდენტიფიკაციისთვის მიმართავენ შესაბამის ორგანოებს და მოპოვებულ მასალებს შესასწავლად პროკურატურას გადასცემენ. მირდატ ქამადაძის შეფასებით, სამართალდამცველების პარალელურად, ძალადობის ნიშნებს ხულოში, შუახევსა და ქობულეთში ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების მხრიდანაც.