„ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეების ახალი გეგმები

ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლის გარდა წლის მთავარი გამოწვევაა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებიც.

ოპოზიციურ ფლანგზე სავარაუდო გადაჯგუფებების ნიშნები ჩნდება. პოლიტიკიდან მედიაში და მედიიდან ისევ პოლიტიკაში დაბრუნებული ნიკა გვარამია მრავალპარტიული თანამშრომლობის აუცილებლობაზე იწყებს საუბარს. როგორც ჩანს, მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები მოიაზრებიან. იგულისხმება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან ცოტა ხნის წინ წასული ნიკა მელია, ასევე ზურა „გირჩი“ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია. ფაქტია, რომ თითქმის ყველა პარტიას და პოლიტიკოსს, რომლებმაც გიორგი ვაშაძისგან გასხვავებით, წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირება გადაწყვიტეს, საერთო პოლიტიკური წარსული და წლების წინ ყოფილი მმართველი პარტიის რიგებში ყოფნა აკავშირებთ. სწორედ ამ ფაქტორის გამო მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ნაწილისთვის არარეალურია მათი მიზანი და სტრატეგია, რომელიც ახალი გაერთიანების სახით მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას გულისხმობს.