„ნაციონალური მოძრაობის“ ძველი და ახალი სახეები

„ნაციონალური მოძრაობის“ განახლებული შემადგენლობა.

რამდენიმე წუთის წინ ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ ახალი სახეები წარადგინა. ყოფილ მმართველ ძალას უერთდებიან თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე. პარტიის ყრილობაზე დაამტკიცეს ახალი თავმჯდომარე და აირჩიეს პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელიც. დიდი ოპოზიციური ერთობა კი ვერ შედგა. წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება. „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ – ასეთია ახალი პლატფორმის სახელწოდება. წინასწარ დაანონსებული გეგმით, სწორედ დღეს უნდა გამოცხადებულიყო პოლიტიკური კონსულტაციების შედეგები და გარკვეულიყო, თუ ვინ ვისთან გეგმავს ალიანსს. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის გაერთიანების და საერთო სიის მომხრეა, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მოწოდებები და ერთიანობის მიღწევის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. ოპოზიციური ძალების ნაწილს დამოუკიდებელი გეგმა აქვს, ნაწილი კი გამარჯვების შანსს რამდენიმე ალტერნატიული ცენტრის ფორმირებაში ხედავს.