„ნაციონალური მოძრაობის“ და შალვა ნათელაშვილის გეგმები

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ბოიკოტი შესაძლოა დასრულდეს.

ამ საკითხზე გუნდში პოზიციები გაყოფილია, თუმცა კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ამ თემაზე პირველი ღიად რომან გოცირიძე ალაპარაკდა და თანაგუნდელებს აქტიური საპარლამენტო საქმიანობის დაწყებისკენ მოუწოდა, უკვე დღეს ანალოგიურ პოზიციას აფიქსირებს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ორი დღის წინ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე კობა ნაყოფიამ შეცვალა. თუმცა თავად მელია საკანონმდებლო საქმიანობაში ვეღარ ჩაერთვება, რადგან ოთხი თვის წინ მისივე ინიციატივით სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ფაქტია, რომ პარტია, რომელიც ცოტა ხნის წინ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების აზრს ვერ ხედავდა, თვეების განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში იყო და პარლამენტში ფორმალურად ყოფნას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების აუცილებლობით ხსნიდა, უკვე დღეს სხვა აზრზეა. პარლამენტართა რიგებს მალე შესაძლოა „ლეიბორისტების“ ლიდერიც შეუერთდეს, რომელიც თითქმის წელიწადნახევარია, საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტს უცხადებს. ბოლო დღეებში გაკეთებული არაერთი სკანდალური განცხადების გამო შალვა ნათელაშვილს განმარტებების გაკეთება უწევს.