თელავის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი, პრემიერის ცოლის ძმას, ალექსანდრე თამაზაშვილს, კახეთში ყურძნის მოსავლისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა შპს „აკურის ღვინის ქარხანამ“ მომსახურების ხელშეკრულება მხოლოდ ალექსანდრე თამაზაშვილის კუთვნილებაში არსებულ ღვინის ქარხანა „ვაინ-კახეთს“ გაუფორმა და დანარჩენი ღვინის ქარხნები ყურძნის შესყიდვის პროცესს ჩამოაცილა. ბოტკოველის მტკიცებით, კომპანია „ვაინ-კახეთის 25-პროცენტიანი წილის მფლობელი ალექსანდრე თამაზაშვილია. აქედან გამომდინარე, თანხის დიდი ნაწილი, რასაც სახელმწიფო რთველის ჩატარებისთვის იხდის, აკუმულირდება მათ კერძო ბიზნესში – განაცხადა ბოტკოველმა.