ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
ანი წითლიძის განცხადებით, ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია „ემ კვადრატზე“ გაიყიდა, სანაცვლოდ კი კომპანიას თავისი ხარჯებით უნდა გადაეტანა ყინულის სახლი და ასევე უნდა მოეხდინა ზუგდიდში პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაცია. თუმცა, წითლიძის განცხადებით, ვიდრე კომპანია აუქციონს მოიგებდა, ზუგდიდის მერის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში, სატენდერო პირობები შეიცვალა და ემ კვადრატი აღნიშნული ვალდებულებებისგან გათავისუფლდა.
ანი წითლიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ზუგდიდის მერი. გიორგი შენგელიას განცხადებით, მერიამ კომპანიას ტერიტორია აუქციონის წესით 7 მლნ 217 ათას ლარად მიყიდა. გარდა ამისა, მათ 8 მლნ დოლარის საინვესტიციო ვალდებულება აქვთ. შენგელიას განმარტებითვე, ყინულის სახლის გადატანისა და პროფესიული კოლეჯის მშენებლობის ვალდებულება კომპანიას იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ მიწა სიმბოლურ ფასად, საინვესტიციო ვალდებულებებით გადაეცემოდა.