თბილისის საკრებულოს ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ორბელიანის მოედანზე მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნული მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს და ის ბანკი „ქართუს“ შვილობილ კომპანიას „ესემესს“ ეკუთვნის. ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, კომპანიას მერიისგან შესაბამისი ნებართვა არ აქვს. აქციის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ტერიტორია, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სატრანსპორტო ზონა იყო, თუმცა ქონების მართვის სააგენტომ ადგილი კომპანია „ესემესს“ გადასცა. ორბელიანის მოედანზე მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათი განცხადებით, უნებართვო მშენებლობასთნ დაკავშირებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს. თბილისის ვიცე-მერის თქმით, აღნიშნულ ობიექტზე ნებართვის გაცემის პროცესი დაწყებულია, თუმცა მესაკუთრე უკვე დაწყებული მშენებლობისთვის დაჯარიმდება.