კვლავ ურთიერთბრალდებები ისმის „ნაციონალურ მოძრაობაში“. ახალმა თავმჯდომარემ „მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბი“ შექმნა, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება, პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელად კი ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს. ბეჟაშვილი ასევე შეასრულებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას პარლამენტში. პარტიის ყრილობას არც ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და არც მისი მომხრეები დასწრებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ნაწილი ამბობს, რომ ახლად არჩეულ თავმჯდომარეს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ მისი ქმედებები საქმეზე და შედეგზე იქნება ორიენტირებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილმა პოლიტსაბჭოში არჩევის მიუხედავად პარტიულ თანამდებობზე უარი თქვეს. კრიტიკული განცხადებები სოციალური ქსელით გაავრცელეს ეკა ხერხეულიძემ, აკო მინაშვილმა, ხატია დეკანოიძემ, გიორგი პატარაიამ და გიორგი ონიანმა.