შვიდი თვის შემდეგ პარლამენტში პოლიტიკური ძალები სრული შემადგენლობით არიან წარმოდგენილნი.
სხდომათა დარბაზში დარჩენილი 32 სკამიც შეივსო. „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთო. თუმცა, პარლამენტის შენობაში შესვლამდე, დანარჩენი ოპოზიციის ნაწილის მსგავსად, საპროტესტო შეძახილების მოსმენა მოუხდათ. ყველაზე ხშირად დღევანდელ პოლიტიკურ განცხადებებში სიტყვა „პუფი“ ისმოდა – თვეების განმავლობაში სწორედ პუფს ადარებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ყველა იმ პოლიტიკურ პარტნიორს, რომელიც პარლამენტში შესვლას გეგმავდა. პარტიის ლიდერებს დღეს არაერთი განმარტების გაკეთება მოუხდათ, თუ რატომ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რის გამოც დანარჩენ ოპოზიციას თვეების განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდნენ და რა აზრი აქვს პარლამენტში მათ შესვლას შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის გარეშე. ეს პოზიცია დანარჩენი ოპოზიციისთვისაც გაუგებარია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ განსაკუთრებით მწვავე კრიტიკით ოპოზიციიდან პარლამენტში ერთ-ერთი პირველი შესული ალეკო ელისაშვილის პარტია გამოირჩევა, რომელიც თვეების წინ შეურაცხმყოფელი თავდასხმების სამიზნე გახდა.