შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტშია.
პარტია, რომელიც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშე საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვას გამორიცხავდა, დღეიდან პარლამენტში სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი. პოლიტიკური ძალა, რომელიც ჯერ „მოქალაქეებს“, შემდეგ კი 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერებს საპარლამენტო მანდატების მიღების გამო მწვავედ აკრიტიკებდა, ახლა უკვე თავად ხდება მძიმე განცხადებების სამიზნე არა მხოლოდ მმართველი გუნდიდან, არამედ ოპოზიციიდანაც.
ოპოზიციური პარტიებისთვის გაუგებარია, რატომ არ აწერს „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს. ამ კონტექსტში დღეს „ქართული ოცნებიდან“ მუქარის შემცველი გზავნილებიც გაისმა. მმართველი გუნდი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას აფრთხილებს, რომ ხელმოწერამდე ვერც მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების სამუშაო ჯგუფებში ჩაერთვება და ვერც საპარლამენტო კომიტეტებს ჩაიბარებს.