„ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ გეგმას აანონსებს

მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად აქციები იწყება.

ინიციატორი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძეა, რომელიც ხვალიდან შეწყალების თხოვნით პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. სწორედ მუმლაძეა ის ადამიანი, რომელიც პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს სააკაშვილის თემაზე პასიურობის გამო დაუპირისპირდა და მელიას საჯაროდ კრიტიკა პირველმა დაიწყო. ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ალტერნატიულ გეგმაზე საუბრობს თავად მელიაც, რომელიც სასამართლო პროცესების გახანგრძლივების შემთხვევაში კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლის და ყველა კონსტიტუციური მეთოდის გამოყენების ინიციატივით გამოდის. თუმცა, გეგმის დეტალები უცნობია. ფაქტია, რომ ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის გარშემო საერთო სტრატეგიის შემუშავება ჯერ ვერ ხერხდება და პარტიის წევრები ინდივიდუალურ გეგმებს მიმართავენ, რის გამოც ცალკეული ოპოზიციური პარტიებისგან საყვედურს იღებენ.