დაასახელებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატს ისნის საარჩევნო ოლქში და გაუწევს თუ არა კონკურენციას მათ მიერ ერთი თვის წინ მხარდაჭერილ გიორგი ვაშაძეს, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ისანში კანდიდატი შესაძლოა ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი, ზალიკო უდუმაშვილი ან რომელიმე სხვა ლიდერი იყოს. პარტია საკითხზე კონსულტაციებს გუნდის შიგნით და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პარტიებთან გეგმავს. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ გუშინ განაცხადეს, გიორგი ვაშაძეს მხარი მაშინ დაუჭირეს, როდესაც ის გაერთიანებული ოპოზიციის წევრი იყო. სტრატეგია აღმაშენებლის ოპოზიციური ერთობიდან გასვლის შემდეგ კი გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს. თავად გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მას სიტყვა არასდროს დაურღვევია და შეთანხმების შესრულებისკენ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მოუწოდებს.