მმართველი პარტია 29 აპრილს საერთო სახალხო შეკრებისთვის ემზადება. პარლამენტის წინ დილიდან სცენის მონტაჟი და სამზადისი მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ლიდერები მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ყველამ დაინახოს სად და რის დასაცავად დგას ქართველი ერი. საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ხვალ, 18 საათზე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გაემართება. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული შეკრება, სინამდვილეში, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ დღეს დაგეგმილი პროტესტის კონტრაქციაა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა მეორე მოსმენით პარლამენტში ხვალ არის ჩანიშნული.