პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრთა ვინაობა ცნობილია.
ცერემონიას კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით 23-კაციანი კომისია ამზადებს.
პროცესში მთავრობის ადმინისტრაციის გარდა ოთხი სამინისტრო და თბილისის მერიაა ჩართული. საორგანიზაციო ჯგუფის წევრთა ნაწილი უკვე იმყოფებოდა თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ფიცი უნდა დადოს.
სადა და ზომიერი, გარემოსთან შესაფერისი დეკორაციით, – წინასწარი განცხადებების მიხედვით, ასეთი უნდა იყოს ცერემონიის კონცეფცია.
სცენარის წერა ახლა იწყება. იწერება სტუმრების სიაც.
ინაუგურაციის ოფიციალურ ნაწილზე და საზეიმო მიღებაზე დასასწრები მოსაწვევები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იგზავნება.